ჩექმებიანი კატა - ხალხური ზღაპარი
აღმოაჩინეთ მოხერხებული ჩექმებიანი კატის თავგადასავალი, რომელიც თავის ღარიბ პატრონს ნამდვილ პრინცად აქცევს. შესანიშნავი ზღაპარი პატარებისთვის!
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
შარლ პეროს ეს ცნობილი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ჩექმებიანი კატა“, მოგვითხრობს ერთი უჩვეულო და ძალიან მოხერხებული კატის ჯადოსნურ თავგადასავალს. ერთ მეწისქვილეს სამი ვაჟი ჰყავდა. სიკვდილის შემდეგ შვილებს მხოლოდ წისქვილი, ვირი და კატა დაუტოვა. ძმებმა მამისეული ქონება ნოტარიუსისა და მოსამართლის გარეშე გაიყვეს, რომლებიც ამისედაც მცირე მემკვიდრეობას გადასახადებში წაიღებდნენ. უფროსს წისქვილი ერგო, შუათანას – ვირი, უმცროსს კი – კატა. უმცროსი ძმა ცოტა არ იყოს, უკმაყოფილო იყო და თავისთვის წუწუნებდა: „ჩემს ძმებს გაუმართლათ, ისინი პატიოსანი შრომით იშოვიან ლუკმა-პურს, მე კი სანამ ამ კატის ტყავისგან ხელთათმანებს შევკერავ და გავყიდი, შიმშილით სული ამომძვრება.“ კატამ მოისმინა მისი სიტყვები და აუღელვებლად უთხრა: „ნუ დარდობთ ბატონო. მომეცით ერთი ტომარა და მიყიდეთ ერთი წყვილი ჩექმა, რათა ტყეში მოხერხებულად ვიხეტიალო. სულ მალე დარწმუნდებით, რომ ძმებზე მეტად გაგიმართლათ.“ მეწისქვილის ვაჟი ყოყმანობდა, მაგრამ კარგად ახსოვდა, როგორი მარჯვედ იჭერდა კატა თაგვებს. „ვინ იცის, ეგება, მართლაც დამეხმაროს ამ გაჭირვების ჟამსო,“ – გაიფიქრა მან. როგორც კი კატამ საწადელი მიიღო, სასწრაფოდ ჩაიცვა ჩექმები, ქატოთი და სტაფილოთი სავსე ტომარას თოკით თავი მოუკრა და ტყისკენ გასწია. იქ ერთ დიდ ბუჩქს ამოეფარა, თავი მოიმკვდარუნა და დაელოდა. მალევე ერთი გამოუცდელი ბაჭია ტომარაში შეძვრა. კატამ სწრაფად მოუკრა თავი და ნადავლით პირდაპირ სასახლისკენ აიღო გეზი. მან მეფესთან შეხვედრა ითხოვა. შევიდა თუ არა, თაყვანი სცა და მოახსენა: „დიდო მეფეო, ჩემი პატრონის, მარკიზ დე ყარაბასის ტყეებში დაჭერილი კურდღელი მოგართვით საჩუქრად.“ ეს დიდებული სახელი მან თავად მოიფიქრა თავისი ღარიბი პატრონისთვის. „მადლობა გადაეცით თქვენს ბატონს, უთხარით, რომ მისმა საჩუქარმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა,“ – უპასუხა მეფემ. ასე გაგრძელდა სამი თვე. ერთ დღესაც კატამ გაიგო, რომ მეფე თავის ულამაზეს ქალიშვილთან ერთად ეტლით მდინარის პირას მიდიოდა. „თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ, ბედნიერებას მოიპოვებ. ამისათვის შენ მხოლოდ მდინარეში ბანაობა დაგჭირდება, დანარჩენი ჩემზე იყოს,“ – უთხრა კატამ ბატონს. როცა სამეფო ეტლი გამოჩნდა, კატა ყვირილით გაქანდა: „აქეთ, აქეთ! გვიშველეთ, მარკიზ დე ყარაბასი იხრჩობა!“ მეფემ მაშინვე იცნო კატა და მსახურებს დახმარება უბრძანა. კატამ იცრუა: „ბანაობისას ჩემს ბატონს ქურდებმა სამოსი მოპარეს.“ სინამდვილეში კი ტანსაცმელი თავად დამალა ლოდის ქვეშ. მეფემ ბრძანა, მარკიზისთვის საუკეთესო სამეფო ტანსაცმელი მიეცათ. მეწისქვილის ვაჟს ისე მოუხდა სამოსი, რომ პრინცესას მაშინვე შეუყვარდა, მეფემ კი მათთან ერთად გასეირნება შესთავაზა. ეშმაკი კატა ეტლის წინ მირბოდა. დაინახა მთიბავები და უთხრა: „კეთილო ხალხო, თუ მეფეს არ ეტყვით, რომ ეს მიწა მარკიზ დე ყარაბასს ეკუთვნის, ხმლებით აგკუწავენ!“ შეშინებულმა გლეხებმა მეფის კითხვაზე ერთხმად უპასუხეს: „მარკიზ დე ყარაბასის!“ იგივე გაუმეორა შეშისმჭრელებსაც. მეფე გაოცებული იყო ახალგაზრდა მარკიზის დიდი სიმდიდრით. ბოლოს ეტლი ულამაზეს ციხე-კოშკს მიუახლოვდა, რომელიც ერთ მდიდარ გოლიათს ეკუთვნოდა. კატა წინასწარ ეახლა მას და მოახსენა: „ბატონო, ბევრი რამ მსმენია თქვენს საკვირველ შესაძლებლობებზე. ამბობენ, რომ ნებისმიერ ცხოველად გადაქცევა შეგიძლიათ, მაგალითად, ლომად.“ „რა თქმა უნდა, შემიძლია!“ – დაიღრიალა გოლიათმა და მაშინვე ლომად გადაიქცა. შეშინებული კატა სასწრაფოდ სახურავზე აფოფხდა. როცა გოლიათმა ადამიანის სახე დაიბრუნა, კატამ ეშმაკურად უთხრა: „მთლად არ მჯერა, რომ პატარა ცხოველად, მაგალითად თაგვად გადაქცევაც შეგიძლიათ.“ „აქ დაუჯერებელი არაფერია! აბა, კარგად შემომხედე!“ – თქვა გოლიათმა და წამსვე თაგვად გადაიქცა. კატა ერთი ნახტომით დაეცა და მსუქანი თაგვი გემრიელად გადასანსლა. ამ დროს მეფის ეტლიც მოვიდა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარკიზ დე ყარაბასის საბრძანებელში!“ – მიეგება კატა. მეფე გაოცებული დარჩა: „ნუთუ ეს ციხე-კოშკი თქვენია? ასეთი ლამაზი სასახლე არასდროს მინახავს!“ დიდ დარბაზში მდიდრული სუფრა დახვდათ. სადილობის შემდეგ მეფემ, რომელიც ნათლად ხედავდა ქალიშვილის სიყვარულს, სიხარულით უთხრა მარკიზს: „თუ გინდათ ჩემი სიძე გახდეთ, მე თანახმა ვარ!“ იმავე დღეს მეწისქვილის ვაჟმა მშვენიერ პრინცესაზე იქორწინა. ჩექმებიანი კატა კი დიდებული მარკიზის მთავარი მრჩეველი გახდა და იმ დღიდან მოყოლებული თაგვებს მხოლოდ და მხოლოდ გასართობად იჭერდა.



