მძინარე მზეთუნახავი - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ ჯადოსნურ ზღაპარს მძინარემზეთუნახავზე, რომელსაც 100 წელი ეძინა და გაიგეთ, როგორ იხსნა იგი მამაცმა პრინცმა. იდეალური აუდიო ზღაპარი ძილის წინ!
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
მოგესალმებით, პატარებო! დღეს ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში შარლ პეროს ცნობილი საოცრება უნდა გაგიზიაროთ. ეს არის საყვარელი აუდიო ზღაპარი, რომელსაც „მძინარემზეთუნახავი“ ჰქვია. იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი მეფე-დედოფალი. შვილი არ ჰყავდათ და ამას ძლიერ განიცდიდნენ. დანაღვლიანებულნი მუდამ ღმერთს ევედრებოდნენ დახმარებას. ბოლოს ისმინა ღმერთმა მათი ვედრება და ერთ მშვენიერ დღეს დედოფალს ულამაზესი გოგონა შეეძინა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა დღეობას მოაწყობდნენ! ნათლიებად იმ სამეფოში მცხოვრები შვიდი ფერია მოიწვიეს, რათა ყოველ მათგანს გოგონასთვის რაიმე ნიჭი დაენათლებინა და პრინცესა ყოველგვარი ღირსებით ყოფილიყო შემკული. ფერიებსა და სხვა საპატიო სტუმრებს მეფის სასახლეში სადღესასწაულო სუფრა გაუშალეს. ფერიებს სადილი საუცხოო ჭურჭლით მიართვეს და წინ თითო ოქროს ლანგარიც დაუდეს. ლანგრებზე საუკეთესოდ ნაკეთი ოქროს კოვზები, ჩანგლები და დანები ეწყო, რომლებიც ალმასებითა და ლალებით იყო მორთული. ის-ის იყო სტუმრები სუფრას უნდა შემოსხდომოდნენ, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და დარბაზში ბებერი ფერია შემოვიდა. ის არავის დაუპატიჟებია, რადგან ორმოცდაათი წლის განმავლობაში თავისი კოშკიდან გამოსული არავის ენახა და ყველას მკვდარი ეგონა. მეფის ბრძანებით შვიდ ფერიას ოქროს ზარდახშა აჩუქეს. რადგან ბებერი ფერია არავის მოუწვევია, მას ოქროს ზარდახშა არ შეხვდა – ოსტატს მხოლოდ შვიდი შეუკვეთეს. ბებრუხუნა კუდიანმა ჩათვალა, რომ ასე განგებ მოექცნენ და მუქარით რაღაც ჩაიბურტყუნა. ერთმა ფერიამ გაიგონა მისი ბუტბუტი და გაიფიქრა: „ვიღაც ავსული არ იყოს და პრინცესას ცუდი არაფერი უსურვოსო.“ და კარს უკან დაიმალა იმ იმედით, რომ თუ ის ცუდ რამეს უსურვებდა, თავად გამოასწორებდა. ამასობაში ყველაზე საზეიმო წუთი დადგა – ფერიებმა ნათლულის ნიჭებით დასაჩუქრება დაიწყეს. ერთმა დაანათლა, ულამაზესი იქნებიო. მეორემ უთხრა, ანგელოზივით კეთილი იქნებიო. მესამემ, სიბერეშიც ლამაზი იქნებიო. მეოთხემ, ჩინებული ცეკვა გეცოდინებაო. მეხუთემ თქვა, ბულბულივით იმღერებო, ხოლო მეექვსემ, ყველანაირ საკრავზე დაუკრავო. ამ დროს ჯერი მოხუც ფერიაზე მიდგა. ბებრუხანა ბავშვის საწოლთან დაიხარა და თავის კანტურით წაისისინა: „პრინცესა თითისტარზე გაიკაწრავს თითს და მოკვდება!“ ამ სიტყვებზე იგი გაუჩინარდა. ბოროტი ჯადოქრის ნათქვამმა ყველა შეაშფოთა. უცებ კარს უკან მდგარი ფერია გამოვიდა. „დამშვიდდით, პრინცესა თითისტარით ხელს კი გაიკაწრავს, მაგრამ არ მოკვდება, მხოლოდ ღრმა ძილს მიეცემა და ასი წლის შემდეგ პრინცი გააღვიძებს,“ – თქვა მან. ბებერი ფერიის წინასწარმეტყველების თავიდან ასაცილებლად, მეფემ მთელ სამეფოში აკრძალა თითისტარის ხმარება. უფრო მეტიც, სიკვდილით დაისჯებოდა ის, ვინც მას გამოიყენებდა. გავიდა დრო. ერთხელ მეფე-დედოფალი აგარაკზე გაემგზავრა. პრინცესას მარტო თამაში მოსწყინდა და სასახლეში სეირნობა დაიწყო. მოგვიანებით სასახლის ბოლო სართულზე აღმოჩნდა, სადაც დედაბერი ძაფს ართავდა. მან არ იცოდა, რომ თითისტარის ხმარება აკრძალული იყო სამეფოში. „რას აკეთებთ მოხუცო?“ – ჰკითხა პრინცესამ. „ძაფს ვართავ, ჩემო მშვენიერო,“ – უპასუხა მან. „რა კარგია! აბა, მომეცით, ეგებ მეც შევძლო!“ – აღტაცებით წამოიძახა პრინცესამ. ჰოდა, ხელი შეახო თუ არა თითისტარს, მაშინვე თითი გაეკაწრა და გონდაკარგული იქვე ჩაიკეცა. დედაბერმა ყვირილი მორთო. მოცვივდნენ მსახურები. პრინცესას სახეში წყალი აპკურეს, ხელები დაუზილეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამ დროს შინ დაბრუნებულ მეფე-დედოფალს გაახსენდა ბებერი ფერიის წინასწარმეტყველება და ქალიშვილი ოქროს საწოლში ჩააწვინეს. ამ უბედურების შემდეგ ერთ საათსაც არ გაუვლია, რომ უცებ, სად იყო და სად არა, სასახლეს მოადგა ცეცხლისმფრქვეველი ეტლი, რომელშიც დრაკონები იყვნენ შებმულნი. ეტლიდან გადმოვიდა კეთილი ფერია, ის, რომელმაც სიკვდილი ასი წლით ძილით შეუცვალა პრინცესას. მეფე სიხარულით შეეგება სტუმარს და შვილის ამბავი უამბო. ფერია ძალიან დაღონდა და გაიფიქრა: „რა ეშველება პრინცესას, ასი წლის შემდეგ რომ გაიღვიძებს და მარტოდმარტო აღმოჩნდება სასახლეში?!“ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, აი რა მოიფიქრა: ფერიას ჰქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შეხებისთანავე ყველაფერს აძინებდა. ჰოდა, კეთილმა ფერიამ ამ ჯოხით სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა და მეფე-დედოფლის გარდა, ყველა დააძინა, რათა ასი წლის შემდეგ, პრინცესასთან ერთად გაღვიძებოდათ. ყველაფერი ერთ წუთში მოხდა. ფერიებმა იციან თავიანთი საქმე – ჯოხის ერთი მოქნევა და ყველაფერი მზადაა! მეფე-დედოფალმა უკანასკნელად აკოცა შვილს და სასახლე დატოვა. რამდენიმე წუთში სასახლის გარშემო უღრანი ტყე გაჩნდა. ხეები ისე გადაეხლართნენ ერთმანეთს, შიგ ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა. სასახლე მთლიანად დაფარა ტყემ და მხოლოდ წვეროსღა თუ დაინახავდით შორიდან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მთის თავზე მოექცეოდით. ეს ყველაფერი ფერიამ იმისათვის გააკეთა, რომ ცნობისმოყვარეებს მეფის ასულის სიმყუდროვე არ დაერღვიათ. გავიდა ასი წელიწადი. ამასობაში მრავალი მეფე-დედოფალი გამოიცვალა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, სასახლის ახლოს მეზობელი ქვეყნის პრინცი ნადირობდა. უცებ თვალი მოჰკრა სასახლის სახურავს და თავის მხლებლებს ჰკითხა: „ეს სასახლე ვისია?“ თითოეული მათგანი თავისებურად პასუხობდა. ერთმა უთხრა: „ამ ძველ სასახლეში ბნელი ძალები სახლობენ.“ მეორემ დასძინა: „ეშმაკების ბუდეაო.“ უმეტესობამ კი თქვა, აქ კაციჭამიები ცხოვრობენ და ბავშვებს იტაცებენო. მოკლედ, დაიბნა პრინცი, აღარ იცოდა, ვისი ერწმუნა. უცებ მასთან ერთი გლეხი მივიდა და მოახსენა: „კეთილო პრინცო, ბაბუაჩემისგან ვიცი, რომ სასახლის ერთ დარბაზში უკვე ასი წელია სძინავს მზეთუნახავს, რომლის გაღვიძებაც მხოლოდ ახალგაზრდა პრინცს შეუძლია.“ ჩვენი პრინცი პრინცესას გათავისუფლების, მასზე დაქორწინებისა და თავის გამოჩენის დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო. ბევრი არ უფიქრია და ცხენი იქით გააჭენა, საითაც სიყვარული იზიდავდა. როგორც კი ტყეს მიუახლოვდა, მოულოდნელად, მაღალმა ხეებმა და ეკალ-ბარდებმა გაიწ-გამოიწიეს და პრინცს გზა მისცეს. ასე მიდიოდა პრინცი გრძელ ხეივანში სრულიად მარტო, რადგან მის უკან ხეები და ეკალ-ბარდები ისევ ერთმანეთში გადაიხლართნენ და მის მხლებლებს გზა ჩაუკეტეს. პრინცს არ შეშინებია და გზას განაგრძობდა. სასახლემდე რომ მიაღწია, წინ საშინელი სანახაობა გადაეშალა. ყველგან სამარისებური სიჩუმე სუფევდა. სასახლე და ეზო მკვდარივით მიძინებული ადამიანებითა და ცხოველებით იყო სავსე. თუმცა მათი წითელი ცხვირების დანახვაზე პრინცი მიხვდა, რომ ისინი რაღაც ჯადოსნობის ძალას დაეძინებინა. პრინცი მარმარილოს დარბაზში შევიდა და კიბეს აუყვა. კიბის გარშემო კარისკაცები ხვრინავდნენ. მან მძინარე ხალხით სავსე უამრავი ოთახი გაიარა. ბოლოს მიადგა ოქროს საწოლს, სადაც ჩვენს თვალისმომჭრელად ლამაზ პრინცესას ეძინა. პრინცი მიუახლოვდა და მის წინაშე დაიჩოქა. სწორედ ამ დროს გავიდა ასი წელი და პრინცესამ გაიღვიძა! რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს პირველი პაემნისთვის, მან პრინცს თბილად უთხრა: „ეს თქვენ ხართ? დიდი ხანია გელოდებით!“ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა პრინცესამ, რომ აღფრთოვანებულმა პრინცმა აღარ იცოდა, როგორ დაემალა თავისი სიხარული. ცდილობდა, აღტაცება გამოეხატა, მაგრამ სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება უჭირდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პრინცესას საფიქრელად უფრო დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ამაზე ისტორია დუმს. დიახ, კეთილი ნათლია-ფერია ათასგვარ სასიამოვნო სიზმრებს უგზავნიდა თავის ულამაზეს ნათლულს წლების განმავლობაში. ამასობაში მთელ სამეფო კარს გაეღვიძა და ყველამ დაწყებული საქმე განაგრძო, თითქოს არც არაფერი მომხდარა. უფროსმა სეფექალმა პრინცესას აუწყა: „სადილი მზადაა.“ პრინცმა საცოლეს ხელი გაუწოდა და სასადილო დარბაზისაკენ წაუძღვა. პრინცესას ლამაზი კაბა ეცვა და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. შეყვარებულ პრინცს, რათქმაუნდა, არც უფიქრია ეთქვა, რომ ასეთი კაბები სულ ცოტა ასი წლის წინ გავიდა მოდიდან და რომ ასეთ სახელოებსა და საყელოებს მისი დიდი ბებიების დროიდან აღარავინ ატარებდა. ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა? პრინცესა ძველმოდურ კაბაშიც კი ყველას სჯობდა. პრინცი და პრინცესა მაგიდას მიუსხდნენ. სუფრა ძველებური ნაირნაირი კერძებით იყო სავსე. ფლეიტები მათთვის გასული საუკუნის ლამაზ, მივიწყებულ მელოდიებს უკრავდნენ. სადილობის შემდეგ კი მღვდელს დრო აღარ დაუკარგავს და ულამაზეს წყვილს სასახლის ეკლესიაში დაწერა ჯვარი.



